


იყო
ერთი ხუროთმოძღვარი. მას იმდენად მარჟვე შეგირდი ჰყავდა, რომ ოსტატმა
დამოუკიდებლად ააშენებინა კოშკი.ზოგს მიაჩნია შეგირდის კოშკი ოსტატისას სჯობს
კიდეცო, მაგრამ აბა, რა გითხრათ, ორივე ულამაზესია.
ცხადია, გულთბილი ქართველი ერი ამ კოშკებთან დაკავშირებით ათასგვარ საშინელებას
ჰყვება: ოსტატი შურიანი იყო და შეგირდი დაასახიჩრაო; ჰკრა ხელი და კოშკიდან
გადმოაგდოო;დაწყევლა და მას შემდეგ შეგირდს ვეღარაფერი აუშენებიაო. სულ
შემზარავი ამბებია, მაგრამ სულ ტყუილი. სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ორი მდინარის
შესაყარზე ხერთვისის ციხე დგას და ისეთი ლამაზია ისეთი დიდებული, რომ სრულიად
არაპატრიოტულად განწყობილ კაცსაც კი გული სიამაყით აევსება, ეს რა გვქონია
საქართველოში მცხოვრებლებსო.
მე რომ ყველაფერი მახსოვდა, სულ არ გამკვირვებია: თვალები რომ დამეხუჭა, მაინც
მივაგნებდი მტკვრის პირას ჩასასვლელ გვირაბს და ”ჩვენს” ბორცვს - იქ ვსხდებოდით
ხოლმე დაბინდებისას, ხერთვისის ციხეს შევცქეროდით და სისულელეებზე
ვლაპარაკობდით, ვთქვათ რა უნდა მომხდარიყო, რომ ღამით გვირაბით ასვლა და
”მსუქან” კოშკამდე მისვლა გაგვებედა. მე ის გამიკვირდა რომ მიცნეს: იქ
მცხოვრებმა ქალბატონმა, მზია ნათენაძემ მკითხა, კიბერნეტიკოსებისა ხარო?
გახლავართ. მართალია მას მერე უკვე ოცი წელი გასულა, მაგრამ სულ არაფერი ყოფილა
ოცი წელი. არადა, დიუმას როცა ვკითხულობდი, მიკვირდა ხოლმე, არასრულწლოვანს,
ამათ დამიხედე, ოცი წლის შემდეგ კიდევ რამდენის თავი აქვთ - მეთქი...
1987-1988 წლები ხერთვისის ციხის სარესტავრაციო სამუშაოებზე კიბერნეტიკოსებს
ვახლდი და მიმაჩნდა, რომ ჩემი განზე გადადებული რამდენიმე ქვა ციხის გადარჩენის
და საქართველოს ბედნიერი მომავლის საწინდარი იყო. ცხადია თითო ქვას სახეზე ვერ
ვიცნობ, ამიტომ წელს, სექტემბრის ბოლოს, კვლავ ხერთვისის ციხეზე ასულს თამამად
შემეძლო მეოცნება, რომ ეს ციხე სულ ჩემი აშენებულია, რომ მე რომ არა, ეს
ყველაზე მაგარი კოშკები აქ მოსულ გოგოებს და ბიჭებს აღარ დახვდებოდათ.
და სწორედ ამ პრინციპით გირჩევთ სულით და გულით: შეურეთდით ხალხს, რომელიც
ციხე-კოშკების და ტაძრების გაწმენდას ცდილობს, ვთქვათ, ტაძრელებს. ორი კენჭიც
რომ გადადოთ განზე, მაინც თქვენი ციხე ან საყდარი გექნებათ, და როცა კვლავ
ესტუმრებით ან ვინმე იტყვის, ესა და ეს ძეგლი ვნახე, იცი, რა მაგარიაო
საგრძნობლად აგიმაღლდებათ თვით შეფასების კოეფიციენტი. ეს კი, მოგეხსენებათ,
ძალიან სასიამოვნო რამაა.
არაჩვეულებრივი
დღეებისთვის და სამკაულისთვის დიდი მადლობა
ტაძრელებს, ბატონ სოსოს და
დეფის. იმედია, მალე შევხვდებით
ერთმანეთს ხერთვისის ციხეზე.
ანა კორძაია - სამადაშვილი