




2007წ. ბელტისციხეზე განახლდა სამუშაოები (არქეოლოგი: ანზორ სიხარულიძე). გაწმენდითი სამუშაოები ძირითადად ჩატარდა ცენტრალურ და ჩრდილოეთის კოშკებში. შიგთავსის ამოწმენდისას ცენტრალურ კოშკში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი და სამშენებლო მასალები (ჯამები, ჭრაქები, წარწერიანი და ჯვრის გამოსახულებიანი კრამიტის ნაწილები, ლურსმნები და სხვა). თიხის ჭურჭლიდან აღსანიშნავია ადამიანის გამოსახულებანი მოჭიქული ჯამის და მოუჭიქავი ჭრაქის ნაწილები. მასალა ზოგადად IX-XVIIIსს. თარიღდება. ცენტრალური კოშკის შესასვლელიდან 4 მეტრის სიღრმეზე გამოვლინდა ქვატეხილით ნაგები შენობის ნაწილი (ფართობი 3,5მ2), რომლის დანგრევის შემდეგ დღეს არსებული კოშკი აღუმართავთ. შენობის იატაკზე აღმოჩნდა სუფრის, სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების თიხის ჭურჭელი (ხელადები, დერგები, სადღვებელი და სხვა). მასალა ზოგადად ადრეშუასაუკუნეებით თარიღდება (IV-VIIIსს.).
ჩრდილოეთ კოშკში გამოვლინდა ქვათლილებით ნაგები შენობების ნაშთები. აღმოჩნდა ანტიკური ხანის წითლად შეღებილი კრამიტის ნატეხები და ადრეშუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი სამტუჩა თიხის ჭურჭლის ნაწილი. სწორედ ამ პერიოდში ჩანს ნაგები შენობები, რომელიც დედაქალაქობის ხანის სასიმაგრო ნაგებობის ნაშთებზე აღუმართავთ.
ამრიგად, ბებრისციხე-ბელტისციხეზე აღმოჩნდა საყურადღებო არქეოლოგიური მასალები, რომლებიც ასახავს სასიმაგრო სისტემის და მასთან დაკავშირებული ნაგებობების არსებობას ანტიკურ ხანასა და შუასაუკუნეებში.
