



ეროვნული მემკვიდრეობის კლუბმა '' ტაძარმა'' თავისი პროგრამის ''რაინდების'' ხორცშესხმა მანავის ციხეზე 2006 წელს დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებდა წინასარესტავრაციო სამუშაოებს:
1. ტერიტორიის გაწმენდა ეკალ-ბარდებისა და ხეებისაგან.
2. გაწმენდითი მიწის სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობით.
3. საკონსერვაციო და ნაწილობრივ სარესტავრაციო სამუშაოები.
2006 წელს სტუდენტური ჯგუფის დაუღალავი მუშაობის შედეგად, დროთა განმავლობაში ამოსული ეკალ-ბარდებისა და ხეებისაგან გაიწმინდა ციხის ტერიტორია.
2007 წლიდან ეკვე გაწმენდითი მიწის სამუშაოები დაიწყო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქვედა ციხეში ჩრდილოეთის მხრიდან არსებული შესასვლელი კარიბჭე გამოვლინდა, საძირკვლამდე იქნა ამოსუფთავებული სამხრეთ დასავლეთის კოშკი ქვებისა და შიგ ჩაყრილი მიწისაგან. ასევე მთლიანად ამოიწმინდა მიწისა და ქვაღორღილისაგან ციტადელის ტერიტორიაზე, მის ჩრდილოეთ ნაწილში მიწის ქვეშ მდებარე ორი წყლის რეზერვუარი, რომელთა კედლები და თაღი (ამჟამად დანგრეულია) ქვითკირითაა ნაშენი, ხოლო იატაკი კირხსნარით მოლესილი. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად დანგრეულია და დღევანდელი მიწის ზედაპირიდან აღგვილია ციტადელის აღმოსავლეთ კედელი, ჩვენ მაინც შევძელით ამ კედლის მიწისქვეშა ნაწილის დაფიქსირება. თითქმის მთელი აღმოსავლეთ კედლის სიგრძეზე წარმოებული მიწის სამუშაოების შედეგად, უძრავ მდგომარეობაში დაფიქსირდა კედლის ორი ფრაგმენტი. ისინი წარმოადგენენ კედლის საძირკვლის ნაშთს, რომლის მიხედვით სრული სურათი იქმნებოდა იმისა თუ როგორი სისქისა და მიმართულებისა იყო ეს კედელი.
სტუდენტური ნაკადების მიერ დიდი სამუშაოები ჩატარდა ციხის სამხრეთ აღმოსავლეთ კოშკში. აქ გამოვლინდა სახაბაზო პურის საცხობი სათავსო. იგი გაშლილი იყო მთელი კოშკის ფართობზე (30მ2) სათავსოში დაფიქსირდა სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული, სხვადასხვა ზომის ორ ათეულამდე თონე და დიდი ზომის დერგი, ასევე დიდი რაოდენობის კერამიკული მასალა. მათ შორის გამოირჩევა მოჭიქული კერამიკა.. თონეების მიხედვით დაფიქსირებული იყო სხვადასხვა დონის ნაცრით მოტკეპნილი იატაკები. ამ თონეების ფუნქციონირების ქვედა საზღვარი იყო კოშკის საძირკველი, რომლის შიდა მხარე კირხსნარით არის შელესილი. ძირითადად მოჭიქული კერამიკის მიხედვით, ზედა ფენაში (საძირკვლის ზემოთ) შეიზლება ცხოვრების ორი დონე გამოიყოს ქვედა დონის მოჭიქული კერამიკა უფრო მაღალი ხარისხისაა. ეს დონე საძირკველის ქვემოთ აღარ ჩადის.
გადაწყდა მუშაობა გაგრძელებულიყო კოშკის სიღრმეში მანამდე, სანამ უძრავი მიწის ფენები არ შეგვხვდებოდა. გაირკვა, რომ კოშკი მთლიანად გამართული იყო კულტურულ ფენაზე, რომლის სისქე თითქმის ორ მეტრს აღწევდა. მასში აღმოჩენილი კერამიკის მიხედვით აშკარა გახდა, რომ საქმეს გვქონდა ორ ფენასთან: ადრეული შუასაუკუნეების, რომელიც უშუალოდ კოშკის საძირკველს მოსდევდა და მასზედ უწყვეტად გადაბმულ გვიანანტიკურ ფენასთან (III-IV სს.) ამას ადასტურებდა აღმოჩენილი არტეფაქტები: ბრინჯაოს 14 წახნაგა საკინძი, თვალედი მძივი, ყელწიბოიანი, სამტუჩა და ირიბადდაკეჭნილი ორნამენტით შემკული ხელადები, წითლად შეღებილი ღარისებრი კრამიტის ფრაგმენტები, დიდი ორყურა დერგი, ქვევრები და ა.შ.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გვიანანტიკური ხანის ფენაში, რომელიც უძრავ ნიადაგზე იყო განლაგებული, ნაპოვნი ალიზის ფრაგმენტები. მათ შორის გამოირჩეოდა სახიანები. ერთ დიდ ფრაგმენტზე შემორჩენილი იყო ანაბეჭდი დაახლოებით 20 სმ. დიამეტრიც ხის მორებისა, რომლებიც ერთმანეთისაგან 5-7 სმ-ით იყვნენ დაშორებულნი და ასევე შელესილნი უნდა ყოფილიყვნენ მეორე მხრიდანაც.
ამ აღმოჩენამ კულტურულ ფენასთან და იმ ფაქტთან ერთად, რომ მანავის ეს გორა საქართველოს ისტორიის ნებისმიერ პერიოდში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, მოგვცა საშუალება გვევარაუდა რომ გვიანანტიკურ ხანაში აქ სასიმაგრო სისტემა უნდა არსებულიყო. ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გველოდა წინ. ციტადელის აღმოსავლეთი კედლის ძებნის დროს, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, დაშლილი ქვითკირის კედლის ფრაგმენტების აღების შემდეგ, საკმაოდ დიდ ფართობზე დაფიქსირდა ალიზის მთლიანი მასა, რომელიც ეტყობა დაშლილი ალიზის კედლიდან იყო თავის დროზე ჩამორეცხილი. მართალია ჩვენ ეს კედელი არ გამოგვიჩენია (მას დიდ მიწის ფენა ადევს ზედ) მაგრამ ასეთი მასები ალიზის აგურებით ნაგები კედლების თანდათანობით დაშლა-ჩამორეცხვის შედეგად ფიქსირდება ხოლმე. ოდნავ სამხრეთისაკენ კი ნაპოვნი იქნა წითლად შეღებილი, ანტიკური ხანის კრამიტის ერთი ფრაგმენტი.
ასე რომ 2007 წლის ყველაზე დიდი აღმოჩენა მანავის ციხეზე იყო ის, რომ როგორც დადგინდა მანავი როგორც ციხე გვიანანტიკურ ხანაში (III-IV სს.) უკვე ფუნქვიონირებდა.
მანავის ციხეზე 2007 წლის სამუშაოების დამთავრებამდე დაიწყო ნაწილობრივ საკონსერვაციო სამუშაოები, რაც გამოიხატა არსებული პურის საცხობი სათავსოს გადახურვაში. ამას წინ უსწრებდა შიდა მხრიდან საძირკვლის მთლიანი გამაგრება, ნაწილობრივ ამოშენდა კოშკის კედლებიც.
იმედია სამუშაოები მანავის ციხეზე მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ბევრი კარგი აღმოჩენის მოწმენი გავხდებით.
ელგუჯა ღლიღვაშვილი
გიორგი მანჯგალაძე
![]()
